07.12.2022

Hammock x LOA#3

დიმიტრი შაფაქიძის და ირაკლი აბაშიძის ინტერვიუ Hammock Magazine-თან

ინტერვიუ მომზადებულია Hammock Magazine-ის მიერ.

ავტორი : გვანცა ჩანადირი

თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე, სულ ცოტა ხნის წინ ახალი, გამორჩეული დიზაინის შენობა გაჩნდა, რომელიც ერთდროულად თანამედროვე არქიტექტურისა და ამ ისტორიული უბნის იერსახის იდეალურ სინთეზს წარმოადგენს. პროექტი დიმიტრი შაფაქიძესა და ირაკლი აბაშიძეს, ანუ არქიტექტურის ლაბორატორია #3-ს ეკუთვნის, რომელსაც  აქამდე სხვა ისეთი საინტერესო პროექტები განუხორციელებია, როგორებიცაა – ვაკის პარკში მდებარე მედიათეკა, The Grove Design Hotel ან შეკვეთილში, მინიატურების პარკის ვიზიტორთა ცენტრი.

Hammock Magazine ამ ახალი და სხვა მიმდინარე პროექტების შესახებ გთავაზობთ ინტერვიუს დიმიტრი შაფაქიძესთან და ირაკლი აბაშიძესთან

მოგვიყევით თქვენი კომპანიის, “არქიტექტურის ლაბორატორია #3”-ისა და მისი ინტერესის სფეროს შესახებ…

ჩვენი ინტერესის სფერო არქიტექტურისა თუ დიზაინის კუთხით, ორი განსხვავებული და ერთმანეთთან დაპირისპირებული მდგომარეობის ერთ ფორმაში მოთავსებას მოიცავს. ჩვენ გარშემო არსებული გარემო და ზოგადად, მთლიანად ქვეყნის კონტექსტი, რომელ დონეზეც უნდა აიღო, მუდამ დაუსრულებელი კონფლიქტებია და გვგონია, რომ ასეთი გამოწვევები არქიტექტურის სფეროშიც არსებობს. ამიტომ ყოველთვის  ვცდილობთ, რომ ჩვენს არქიტექტურაში არა ბინარული, არამედ რაღაც მესამე პარადოქსული მდგომარეობა გამოვნახოთ, რომელშიც რაღაც საოცარი ფორმით შევძლებთ და ორ განსხვავებულ მდგომარეობას ერთ ფორმაში მოვაქცევთ. გვგონია, რომ ხელოვნებას და მათ შორის არქიტექტურას ამ ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეების შეუღლება და “მშვიდობის” მიღწევა შეუძლია. 

მოგვიყევით თქვენ მიერ ახლახან შექმნილი Platforma Design Hotel-ის არქიტექტურულ კონცეფიცაზე, რომელიც ლერმონტოვის ქუჩაზე აშენდა…

ეს ადგილი ისტორიული უბანია. ფართო საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ ამგვარ ადგილებში ისეთი არქიტექტურა უნდა შეიქმნას, რომელიც ძველს შეესაბამება, რაც, ერთი მხრივ, არ არის სწორი. მეორე მხრივ, არსებობს აზრი, რომ რადგან  ახალი შენობა ცარიელ ადგილას შენდება, შეგვიძლია გავაკეთოთ ისეთი, როგორიც გვინდა. თუკი ამ ორ ერთმანეთთან დაპირისპირებული აზრის სინთეზს არ შევეცდებით და მაინცდამაინც ერთ პოზიციას მივემხრობით, ეს კონფლიქტი ვერასდროს წაიწევს წინ. სწორედ ამიტომ ვეცადეთ, რომ შეგვექმნა რაღაც ისეთი ფორმა, რომელიც ამ ორივე საპირისპირო მდგომარეობას შეითავსებდა, იქნებოდა ახალი – არც იმის შეგრძნებას დაგვიტოვებდა, რომ ძველთან დისონანსშია და რაც მთავარია, ამავე დროს გამოაცხადებდა, რომ შეიძლება ერდროულად ორ პოლარულ მდგომარეობაში იყოს.  რაც შეეხება ფორმას, ფაქტობრივად ერთი მუსიკალური ნაწარმოების პერიფრაზი გავაკეთეთ, რომელიც კომპოზიტორმა ალფრედ შნიტკემ დაწერა. მისი “სუიტა ძველ სტილში”, ერთი მხრივ, ბაროკული ნაწარმოებია, ბახისეული ჰარმონიის შემდეგ კი მუსიკა თითქოს ელექტრონულ, გაფუჭებულ და დისონანსურ ჟღერადობას იღებს. მთელი ამ ნაწარმოების მთავარი მხატვრული ღირსება ამ ჰარმონიისა და დისონანსის ერთ მთლიანობაში მოქცევაა.  ჩვენც ზუსტად ასეთი რაღაცის გაკეთებას შევეცადეთ. გვინდოდა შეგვექმნა თითქოს კლასიკური ფასადი, რომელშიც რეალობის ამგვარი განლევა ხდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს შენობა არა არქიტექტურის ნიმუში, არამედ არტობიექტია, რომელიც თავის თავში გულისხმობს იმას, რომ ორ ერთმანეთთან დაპირისპირებულ იდეებს შორის მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია.

გვესაუბრეთ მიმდინარე პროექტების შესახებ, არის რაიმე, რისი მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა?

ჭავჭავაძის ქუჩაზე, ყოფილი სამკურნალო კომბინატის ადგილას ამ წუთებში ჩვენი ორი ახალი შენობა შენდება. ერთი კულტურული დანიშნულების ნაგებობა იქნება, მის უკან კი საავადმყოფო. ამ შემთხვევაშიც იმავე მეთოდით ვიხელმძღვანელეთ, ამოცანა გვქონდა გვეჩვენებინა, რომ შესაძლებელია ააშენო ახალი და დატოვო ძველიც, თუმცა არა ფასადურად, ეს არც ერთ შემთხვევაში არ იქნება ძველის შენარჩუნება, უბრალოდ ძველი და ახალი ერთი მთლიანობის ნაწილი გახდება.

რა გკარნახობთ იმას, რეალურად სად გადის ზღვარი ძველს, ახალსა და თქვენ მიერ შექმნილ პოლარულ მდგომარეობას შორის?

როგორც კი ორი სხვადასხვა რამ  ერთიანობაში მკაფიოდ იკვეთება, იქ ყოველთვის  გაყინული კონფლიქტია და მათ შორის ზღვარიც ყოველთვის ნათელია. იმის შემთხვევაში კი,  რასაც ჩვენ ვაკეთებთ, პირიქით – ზღვარი უნდა გაქრეს. მაგალითად, ძველის და ახლის გამოყოფას გკარნახობს ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის ვენეციის ქარტია, რომელიც ამბობს, რომ  შეგიძლია ძველს რაც გინდა მიაშენო, მაგრამ ის რევერსული უნდა იყოს და წარმოდგენით მაინც უნდა შეგეძლოს ნაშთთან დაბრუნება, ჩვენს შემთხვევაში ეს ამოცანა ზუსტადაც რომ არ დგას. მთავარია, სწორედ ეს ზღვარი გაქრეს და ვერასდროს თქვა, სად იწყება ერთი და სად მთავრდება მეორე, ჩვენთვის ეს სინთეზური კონცეფცია უფრო მნიშვნელოვანი და ძვირფასია.

რა არის თქვენთვის, როგორც არქიტექტორისთვის ჩვენს ქალაქში ყველაზე დიდი წინააღმდეგობა?

ეს ქალაქი თავისთავად მტრულ გარემოდ ჩამოყალიბდა, მტრული ადამიანის ფსიქიკისთვის, ტრანსპორტისთვის, ჰაერისთვის…  სამწუხაროდ, ამ მტრული გარემოს ფორმირებისთვის ყოველ ჯერზე თითო აგურს ვამატებთ. ჩვენ ჩვენი მხრივ სულ ვცდილობთ, რომ არ ვიყოთ ამ ყველაფრის ნაწილი, რამდენად გამოდის, არ ვიცი, მაგრამ ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ თვითონვე ჩვენივე ქალაქი ფაქტობრივად ჯოჯოხეთად ვაქციეთ და შეიძლება ასეც ითქვას, რომ ის გარემო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ახლა უკვე  ყოფილი ქვეყანა, ყოფილი ქალაქი და ყოფილი უბნებია.

არსებობს ამ მდგომარეობიდან გამოსავალი?

სადღაც მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში არსებობდა ასეთი სტატისტიკა, რომ დიდი ქალაქები, ისეთები, როგორებიცაა პარიზი და ლონდონი აუცილებლად დაიხრჩობა ცხენის ექსკრემენტებში, იმიტომ რომ გაიზრდება ფაეტონების და ცხენოსანი ტრანსპორტის რაოდენობა და ქალაქი ამას ვეღარ გაუძლებს, თუმცა ეს წინასწარმეტყველება არ ახდა, იმიტომ რომ მომავალში სულ სხვა რაღაც მოხდა. ახლაც ესეა. თუკი ამ საკითხს ისე შევხედავთ, რომ კაცობრიობამ მომავალშიც სწორედ ისე უნდა გააგრძელოს შენება, როგორც დღეს, როცა პირველადი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ძალიან დიდი დროის, ფულისა და რესურსის ხარჯვა სჭირდება. ჰო, ალბათ საშველი არ არსებობს. თუმცა, მგონია, რომ ასე არ იქნება, იმიტომ რომ უკვე გაჩნდა ტექნოლოგიები, რომელთა ხელმისაწვდომობა გარდაუვალია.  რეალურად სამშენებლო ხელსაწყოები, იარაღები და რესურსები უფრო მეტი ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ეს კი, როგორც ჩანს, არქიტექტურას სულ სხვა ხარისხში გადაიყვანს. ისევე, როგორც, მაგალითად, ეს მედიის შემთხვევაში მოხდა, გახდა არაფორმალური და დღეს ნებისმიერ ადამიანს თავადვე შეუძლია კონტენტის შექმნა. მშენებლობაც ზუსტად ასეთივე გაჯეტად გარდაიქმნება. ეს ხელმისაწვდომობა კი მთლიანად შეცვლის არქიტექტურას და იქ სულ სხვა შესაძლებლობები და მოთხოვნები გაჩნდება.  

ეს ხელმისაწვდომობა უფრო მეტ ქაოსს არ გამოიწვევს?

რა თქმა უნდა, გამოიწვევს, თუმცა  ეს სულ სხვა ტიპის ქაოსია. აქ უკვე არქიტექტორი ერთგვარი  მოდერატორის როლში გადადის. რა თქმა უნდა, თუ მუზეუმის დაპროექტება  მოგინდებათ, გასაგებია, რომ ისევ არქიტექტორთან მიხვალთ, მაგრამ როცა საკუთარი სახლის აშენებას გადაწყვეტთ, იმ შემთხვევაში, თუ ყველანაირ რესურსზე მარტივად მიგიწვდებათ ხელი, იფიქრებთ, რომ რატომაც არა, იმავეს გაკეთება თქვენც შეგიძლიათ. დღესაც კი უკვე აკეთებენ ამას ადამიანები და ამ პროცესში როგორც ჩანს, არქიტექტორის როლი სულ სხვა რამ ხდება. რემ კოლჰაასი არის ჩვენი დროის ძალიან დიდი არქიტექტორი, რომელიც ამბობს, რომ ქალაქი უკვე აღარ არის დაპროექტირებადი, ეს არის სტიქია, რომელიც შეგიძლია უბრალოდ მართო. ის, რომ შენ შეგიძლია ნაშენი სტრუქტურები თავიდან ბოლომდე შექმნა და სადმე განათავსო,  უკვე ილუზორული მოსაზრებაა და არ არის მხოლოდ ჰიპოთეზური. მაგალითად, ჩილელმა არქიტექტორმა ალეხანდრო არავენამ პრიცკერის პრემია მიიღო ნამუშევრისთვის, სადაც სოციალური საცხოვრებელი ააშენა. შენობის ნახევარი თვითონ შექმნა, ნახევარს კი განვითარებისთვის ადგილი დაუტოვა. თავდაპირველად ეს იყო ერთგვაროვანი თეთრი შენობების რიტმი, თუმცა შემდეგ ამ პერსპექტივაში ყველამ თავისებურად გამოაშენა და რა თქმა უნდა, არქიტექტურის გადაგვარება მივიღეთ, რომელშიც ავტორმა თავიდანვე ჩადო ბომბი. ამაში კი იგულისხმება ის, რომ არქიტექტურას, როგორც შემოქმედებით სფეროს უერთდება ტექნოლოგიური პროცესი და შედეგად, არქიტექტურის დღის წესრიგიც და ეკონომიკური ფორმულაც სულ სხვა რეალობის წინაშე დგება.

თბილისში მდებარე შენობებიდან რომელია თქვენთვის ყველაზე გამორჩეული?

შავთელის ქუჩაზე, ძველ თბილისში,  ერთი ეზოს ფარგლებში მთელი ქუჩა მიჰყვება  აივნების ხიდებს და სივრცულ კონსტრუქციებს, შეიძლება ითქვას, პატარა ქალაქია, სადაც ეს აივნები ერთმანეთში გადადის, რკინის მოაჯირებიც კი ფაქტობრივად პომპიდუს ცენტრის სულისკვეთებითაა შესრულებული, შემიძლია მთელი დღე ვიდგე და ვუყურო და ძალიან ვგულშემატკივრობ, რომ არაფერი მოუვიდეს.

სამომავლო გეგმები…

მთავარი გეგმა ალბათ ისაა, რომ ისევ იგივე ვაკეთოთ, რასაც დღეს ვაკეთებთ, გვქონდეს ამის საშუალება და გაჩნდეს უფრო მეტის შესაძლებლობა.

ინტერვიუ მომზადებულია Hammock Magazine-ის მიერ.

ავტორი : გვანცა ჩანადირი