07.12.2022

გაჯეტები და არქიტექტურა

ავტორი: დიმიტრი შაფაქიძე 

თუ ზოგიერთ საყოფაცხოვრებო მოწყობილობას დავაკვირდებით, აუცილებლად შევამჩნევთ მათსა და შენობებს  შორის  მთელ რიგ ფორმალურ მსგავსებებს.  ზოგიერთ შემთხვევაში, მოწყობილობების ვიზუალური ნაწილი იმდენად არქიტექტურულია, ჩნდება კითხვა, უნებლიეა თუ არა ეს მსგავსება?

 კონკრეტული ესთეტიკური მოდის ტენდენცია იმდენად საერთოა, რომ  ავტომატურად აისახება შენობებისა და მოწყობილობების დიზაინში, თუ საქმე გვაქვს გააზრებულ პროცესთან?

რა ობიექტური ფაქტორები განაპირობებენ არქიტექტურასა და საყოფაცხოვრებო საგნებს შორის ასეთ ესთეტიკურ გამოძახილს?  

 ქვემოთ განვიხილავთ აღნიშნული მსგავსებებისა და კავშირების  მხატვრულ და პრაქტიკულ თავისებურებებს.  ამ შემთხვევაში, შეგნებულად ავუაროთ გვერდი, სამყაროს სხვადასხვა ნაწილში, დიზაინისა  და არქიტექტურის ცნებების განსხვავებულად აღქმის ტრადიციას.  გამოვიყენოთ ეს ორი ტერმინი სპეციალობათა განცალკევების მიზნით. ასევე, გამოვიყენოთ სიტყვა გაჯეტი, როგორც კრებითი ცნება, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ზომისა და დანიშნულების თანამედროვე საყოფაცხოვრებო  მოწყობილობას.

 ისტორიულად, ინდუსტრიული დიზაინი შედარებით გვიან წარმოქმნილი ფენომენია.  განვითარების პირველ ეტაპზე, იგი არქიტექტურის მდიდარ მემკვიდრეობას ბევრ მხატვრულ ხერხს დაესესხა. ამის მაგალითია, ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდის პირველი მოწყობილობები, რომლებიც თავისი გამომსახველობის არქონის გამო პირდაპირ იმეორებენ არქიტექტურის ფორმებს.  ხშირია შენობათა  სილუეტების, ორდერული  ელემენტების და დეკორატიული მოტივების გამოყენება.

საწყის ეტაპზე, მოწყობილობები სხვა არაფერია თუ არა კვაზი-არქიტექტურული  ობიექტები, რომლებიც შენობათა მაკეტებს წააგავს. ამის  მაგალითებია: ადრეული რადიოები, ფირსაკრავები, სხვადასხვა სამაგიდო ხელსაწყოები და ა.შ

ადრეული ხელსაწყოების დიზაინისათვის დამახასიათებელია ერთგვარი პარადოქსი. კერძოდ,  რაც უფრო ტიპოლოგიურად ახალია  მოწყობილობა, მით უფრო მეტია მისი კავშირი წარსულის არქიტექტურულ ფორმებთან.

მოგვიანებით ინდუსტრიული დიზაინი, თითქოს უფრო პოულობს თავის დამოუკიდებელ გამომსახველობას, თუმცა, მიდრეკილება თუ შთაგონება არქიტექტურის მიმართ კვლავ  უნარჩუნდება. 

თუკი ინდუსტრიული დიზაინი თავისი გამომსახველობის გზას დაადგა, მაშინ რა არის მიზეზი  თანამედროვე მსგავსებებისა?

 ამ ეტაპზე, გამოვტოვოთ არქიტექტურის  ეკონომიკური, კულტურული და საზოგადოებრივი მნიშვნელობა და ყურადღება გავამახვილოთ ფორმის ძიების პროცესზე.  ამ პროცესში, არქიტექტორი იმავე ამოცანების წინაშე დგას, რასთან  გამკლავებაც უხდება ინდუსტრიულ  დიზაინერს მოწყობილობების, მანქანების და აპარატების პროექტირებისას. როგორც ცნობილია, ორივე შემთხვევაში, ფორმა ფუნქციის მიხედვით ყალიბდება; განსხვავდება  მასშტაბი და ამოცანები.   

 აქედან გამომდინარე,  შესაძლებელია შენობა წარმოვიდგინოთ,  როგორც დიდმასშტაბიანი  მოწყობილობა, ხოლო პირიქით,  ინდუსტრიული დიზაინის პროდუქტიც შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც  მცირე ზომის არქიტექტურა.

მაშ,  რამდენად აღიქვამენ დიზაინერები მათ შემოქმედებას, როგორც მცირე ზომის არქიტექტურას?

 მაგალითად,  ჯორჯეტო ჯუჯარო არქიტექტურის გარდა სხვა სიტყვით არ მოიხსენიებს თავის საქმიანობას, იქნება ეს ნიკონის ფოტოაპარატის თუ ავტომობილის პროექტირება. 

ამ კითხვაზე, თავისი ფორმებით, ირიბად გვპასუხობს დიზაინის ბევრი გამორჩეული ნიმუში: Sony-ს და X-box-ის  სათამაშო კონსოლების სერია,  Bang & Olufsen-ის გამაძლიერებლების არქიტექტონიკა, Braun-ის აუდიოსისტემები და სხვა.

გამორჩეული მაგალითია კომპანია Alessi-ის ჭურჭლის სერია Tea and Coffee Towers, სავსებით პირდაპირი და ძალიან მრავლისმეტყველი კავშირი.

 ცალმხრივია  თუ არა ინდუსტრიული დიზაინის მიდრეკილება დაემსგავსოს არქიტექტურას?

არქიტექტურის ისტორიაში, არსებული  მაგალითებიდან პირველი, რასაც  მეხსიერება გვკარნახობს ამ საკითხზე ფიქრისას, ესაა ლე-კორბუზიეს ცნობილი ფრაზა: „სახლი საცხოვრებელი მანქანაა“ (Une maison est une machine-à-habiter). ცხადია ეს ნათქვამი არა პირდაპირ, არამედ მისი კონტექსტის ფარგლებში უნდა განვიხილოთ.  თუმცა, მასში ჩანს მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის დამახასიათებელი მისწრაფება ერთგვარი მანქანური, აპარატული ფუნქციონალურობის მიმართ.

ზემოთ ნათქვამი აიხსნება შესაბამისი ისტორიული მომენტის სულისკვეთებით, რომელმაც პრინციპულად გაათავისუფლა  არქიტექტურა სახელმწიფო იდეოლოგიებისა თუ  რელიგიურ დოქტრინათა წარმოდგენის ვალდებულებისაგან და დატოვა საკუთარი თანამედროვე დღის წესრიგის ამარა, რომელშიც ფუნქციური საწყისი წინა პლანზე გადმოვიდა. 

თავად ლე კორბუზიეს ნამუშევრებში  შენობის “აპარატულობას”  მეტწილად შინაარსობრივი დატვირთვა აქვს, ვიდრე ფორმალური.  შენობის მოწყობილობად გარდაქმნის პირდაპირი მაგალითია

„სახლი მზესუმზირა“ -Villa Girasole, არქ. Angelo Inverzinni.

ეს  შენობა ფაქტობრივად აპარატია, რომელიც მიწისქვეშა მექანიზმის მეშვეობით, დღის განმავლობაში, 360  ბრუნს აკეთებს, რათა მუდმივად ორიენტირებული იყოს მზის მიმართულებაზე. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელი.

გაჯეტებისა და შენობების შერწყმის მაგალითია არქიტექტურული ტიპოლოგია ისეთი ნაგებობებისა, რომლებსაც ადამიანი მოიხმარს არა შიგნიდან, როგორც მისი ყოფაცხოვრებით შემომზღუდავ  გარსს, არამედ, როგორც გიგანტურ ხელსაწყოს.

ასეთებია: სილოსები, სატელეფონო სადგურები, არქივები, დატა-ცენტრები, მთლიანად რობოტიზებული საწყობები და საწარმოები. სხვა საკითხია, რამდენად  აღიარებენ თავიანთ გაჯეტურ ბუნებას ეს შენობები და ესთეტიკის თვალსაზრისით, ატარებენ თუ არა შესაბამის აპარატულ იერს.

კიდევ ერთი რამ, რაც უბიძგებს არქიტექტურას იმისკენ, რომ გაჯეტად განიხილებოდეს ესაა შენობის ე.წ. მესამე, საინჟინრო მექანიკური სისტემების გარსი.

აქ იგულისხმება, გათბობა გაგრილების, ვენტილაციისა და ელ-მომარაგების სისტემები. პირველი ორი გარსისაგან (კონსტრუქციული სტრუქტურისა და საფასადო გარეკანისაგან) განსხვავებით, მესამე  მოქმედებს თავისი აპარატული დანიშნულების მიხედვით. მესამე გარსის სახით, შენობა გვევლინება ერთიან, დიდი ზომის მექანიზმად. 

ბოლო 50 წლის მანძილზე, არქიტექტურას სხვადასხვა რეაქცია  ჰქონდა ინდუსტრიულ გამომსახველობასთან  მიმართებით. გარკვეულწილად, მაღალტექნოლოგიური მიმართულება  ამ კავშირებითაა ნასაზრდოები. ასევე, საინტერესო მცდელობები იყო 80-იანი წლების იაპონურ არქიტექტურაში. ფანტასტიკური მოწყობილობითა და მექანიზმებით შთაგონება იკითხება ბერნარ ხურის არქიტექტურაში. ცალკეული საგნების ხაზგასმული ლაკონიზმითაა გაჟღენთილი დომენიკ პეროს არქიტექტურა, XXI საუკუნის პირველ წლებში. 

 მსგავსებების მიმოხილვისას,  არქიტექტურასა და მოწყობილობების დიზაინს შორის განსხვავებებიც უნდა აღინიშნოს. შენობისაგან განსხვავებით,  ხელსაწყოს ფაქტობრივად არ გააჩნია დროთა განმავლობაში მოცულობის ტრანსფორმაციის  უნარი. ძნელი წარმოსადგენია ყავის აპარატს ან ტელევიზორს ფორმა  შეუცვალო ან რაიმე დავუმატოთ იმ დროს, როდესაც საცხოვრებელი ან საზოგადოებრივი შენობის გაფართოება გავრცელებული პრაქტიკაა.

ამ და სხვა განსხვავების მიუხედავად, ესთეტიკური შთაგონების თუ ტექნოლოგიური მსგავსებების ვრცელი ნუსხა საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ არქიტექტურისა და ინდუსტრიული დიზაინის სამომავლო განვითარება, ძალიან დაახლოებული იქნება ერთმანეთთან.  აღსანიშნავია შენობების ინდუსტრიული მეთოდით  წარმოების მზარდი პოტენციალი.

   ანაკრეფი ელემენტებით მშენებლობის გავრცელებული პრაქტიკის კვალდაკვალ, მოსალოდნელია  დიდმასშტაბიანი, 3 დე ბეჭდვითი ტექნოლოგიების განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლა, თუ ეს  მეთოდი  უფრო ხელმისაწვდომი და გავრცელებული გახდა.  არქიტექტურული პროექტირება უფრო მეტად დაუახლოვდება  ინდუსტრიული  დიზაინის მეთოდებს, კერძოდ  ქარხნული წარმოებისათვის  განკუთვნილი საგნების დამუშავების პროცესს.

შენობა, როგორც გაჯეტი, შეიძლება განვიხილოთ მასობრივი  საცხოვრისის ან ხელმისაწვდომი სამშენებლო საშუალებების, საწარმოო მასშტაბებით დამზადების მეთოდების და ესთეტიკური გადაწყვეტის ერთ-ერთ შესაძლებლობად.

არქიტექტურის ინდუსტრიულ დიზაინთან კავშირი შეიძლება პერსპექტიული იყოს გამოყენებითი თვალსაზრისითაც. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ეს ასპექტი, განსაკუთრებით დღეს, იმ ფონზე, როდესაც  ყურადღება სამართლიანადაა ფოკუსირებული საზოგადოებრივი თუ გარემოსდაცვითი დღის წესრიგის გარშემო.   მხატვრული ტენდენციის მიმოხილვა თითქოს  უადგილოა.

ყოველივე ზემოთქმული გამომდინარეობს ხანგრძლივი დაკვირვების გაზიარების სურვილიდან.  აღნიშნული მსგავსებებისადმი ყურადღება, რა თქმა უნდა, ზოგადი და პრეტენზიისაგან დაცლილი მოსაზრებაა, თუმცა, ამ ორი დისციპლინის დაკავშირების მცდელობებს განსაკუთრებული ადგილი აქვს ჩვენს პრაქტიკაში.

მოცემული ტექსტი აღნიშვნაა იმ ფაქტისა,  რომ ბევრი დიზაინერისთვის არქიტექტურა შთაგონების წყაროა და პირიქით. შესაბამისად, საჭიროდ მივიჩნიეთ აღგვენიშნა ის ძირითადი საფუძვლები,  რომლებსაც ემყარება კავშირი შენობებსა და გაჯეტებს შორის.