ინტერვიუ მომზადებულია at.ge-ს მიერ.
ავტორი: ნინო იმნაიშვილი
ბოლო წლებში სატრანსპორტო ნაკადის ზრდამ არაერთი ქალაქის ღირსშესანიშნაობებს დაუკარგა ვიზუალური თუ შინაარსობრივი მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ დღეს მსოფლიოს მასშტაბით აქტუალურია ურბანული პროექტები, რომლებიც ასეთ ობიექტებს მანქანებისგან ათავისუფლებს და საზოგადოებრივ მნიშვნელობას უბრუნებს.
ამჯერად საქმე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ეხება. საკუთარი ინიციატივით „არქიტექტურის ლაბორატორია #3-მა“ შექმნა პროექტი, რომელიც თეატრის მიმდებარე ტერიტორიის სატრანსპორტო გზიდან საზოგადოებრივ სივრცედ ქცევას ითვალისწინებს.
პროექტის შესახებ არქიტექტორი დიმიტრი შაფაქიძე ისაუბრებს:
ამ ეტაპზე ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სურვილით გაკეთებული პროექტი, რომელიც იდეის დონეზეა. თუმცა ეს იდეა რეალურია და სურვილის შემთხვევაში მისი პრაქტიკულად განხორციელება სრულიად შესაძლებელია.
მაგრამ ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება სატრანსპორტო კვლევა, საინჟინრო დამუშავება და რაც მთავარია – ფინანსები. შეიძლება ამ ეტაპზე ეს არ იყოს ქალაქისთვის პრიორიტეტული, თუმცა თუ ოდესმე გახდება, იდეა აგერ არის.
ცოტა უსამართლობაა, რომ ადამიანები ჩადიან მიწისქვეშ და მანქანები დადიან ზევით. ამას ემატება ოპერის შენობა, რომლის პომპეზური ფასადიც, ქუჩის ამგვარი მოწყობის გამო, მეორე პლანზე გადადის და რეალურად სატრანსპორტო ნაკადს ეწირება მისი მნიშვნელობა. ამ დროს არის საშუალება, რომ იქ საზოგადობრივი სივრცე მოეწყოს, რომელიც გააერთიანებს ოპერის გვერდით არსებულ ორ სკვერსაც და გახდება ერთი დიდი საჯარო სივრცე, რომლის შუაგულშიც იქნება თეატრი.
ზოგადად რუსთაველზე დასადგომი აღარ არის. ფეხით რომ მოძრაობ, ვერც კი გაჩერდები სადმე და ეს პროექტი სწორედ ამ ინტერვალის გაჩენის სურვილია. ამისთვის ოპერის წინ არსებული სამანქანო გზის ნაცვლად გავაკეთეთ მოედანი. ტრანსპორტს კი გავატარებთ მიწისქვეშა გვირაბში. თუმცა 2 ზოლი ისევ რჩება ზევით რუსთაველისა და მისი პერპენდიკულარული ქუჩების დასაკავშირებლად, რა თქმა უნდა ისე, რომ ისინი არ გადაკვეთენ მოედანს.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ პროექტშია, არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მანქანები ჩაგვყავს ქვევით, მანქანაშიც ხომ ადამიანი ზის. ამიტომ ჩვენ არ გვინდოდა, რომ ეს ადამიანები მეორეხარისხოვან სივრცეში ჩაგვეყვანა და ეს ყოფილიყო რაღაც ბნელი გვირაბი. ამიტომ გვირაბს ზევიდან აქვს გამჭვირვალე ზედაპირი, რომელიც გამოყოფილია ისეთივე ბეტონის ტიხრებით, როგორი ტიხრებიც აქვს ოპერის ფანჯრებს . ასე რომ, როცა ადამიანი გვირაბში ჩადის, იქაც ოპერის ატმოსფეროში ხვდება. გვირაბის სახურავი და შესაბამისად მოედნის საფარი აწყობილია მინა-ბლოკით. მისი მეშვეობით დღის განმავლობაში გვირაბში მზის შუქი ჩადის, ხოლო ღამით გვირაბში გამავალი მანქანების ფარების სინათლე ზევით მოედანს ანათებს.
იმის გამო, რომ სწორედ მინა-ბლოკის გამოყენებაა პროექტის მთავარი იდეა, ტერიტორია სრულად თავისთავად ვერ გამწვანდება. თან, ეს სივრცე თავისი დანიშნულებით არ არის არც პარკი და არც სკვერი. ოპერას აქვს გვერდით 2 სკვერი. ეს კი არის საქალაქო მოედანი. მსოფლიოს ბევრ თეატრს აქვს ასე წინ მოედანი და ის არის ხოლმე შეკრების ადგილი.
მე მესმის, რომ ქალაქში მწვანე სივრცეები გვაკლია და ეს დიდი პრობლემაა, თუმცა ეს არ გამორიცხავს მოედნის არსებობას. მოედანიც ხომ უნდა იყოს ქალაქში. თან ამ პროექტის პრიორიტეტი ის არის, რომ სამანქანო გვირაბში შუქი ჩადიოდეს. გამწვანება კი ისედაც ემატება იმასთან შედარებით, რაც ახლაა.
ამ ეტაპზე ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სურვილით გაკეთებული პროექტი, რომელიც იდეის დონეზეა. თუმცა ეს იდეა რეალურია და სურვილის შემთხვევაში მისი პრაქტიკულად განხორციელება სრულიად შესაძლებელია.
მაგრამ ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება სატრანსპორტო კვლევა, საინჟინრო დამუშავება და რაც მთავარია – ფინანსები. შეიძლება ამ ეტაპზე ეს არ იყოს ქალაქისთვის პრიორიტეტული, თუმცა თუ ოდესმე გახდება, იდეა აგერ არის.